,,თბილისის უნივერსიტეტი” – თქვენი გაზეთი!

   ,,გავაკეთოთ ერთად კეთილი საქმე” – ეს ფრაზა უნივერსიტეტის გაზეთის განახლების მაუწყებლად შესაძლოა ნაკლებად გამოგვადგეს, თუმცა პათოსისთვის რომ გამოვიყენოთ, ალბათ  ბევრი არ დაგვძრახავს.
    გაზეთის მთავარი ამოცანა საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის, საუნივერსიტეტო რეფორმის, უნივერსიტეტის მრავალმხრივი საქმიანობის საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საუნივერსიტეტო საზოგადოების (აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების) პოპულარიზაცია გახლავთ. რედაქცია ორიენტირებულია განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ არსებული პრობლემებისა და ახალი ინიციატივების გაშუქებასთან ერთად, წარმოაჩინოს უნივერსიტეტის წიაღში მოღვაწე პროფესორ-ექსპერტთა, სტუდენტთა პოზიცია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებზე.
   გაზეთს, რომელიც საბჭოთა სისტემის რღვევის პერიოდში საქართველოს ეროვნული სულისკვეთების მატარებელი და, შეიძლება ითქვას, პირდაპირ თუ ირიბად, თავისუფალი სიტყვის ,,ცნობის ფურცელი” გახლდათ, დღეს ტრადიცია არ უნდა დაუკარგო. გაჩუმებულ უნივერსიტეტს არავინ ცნობს _ რადგან ქართველ კაცს წარმოდგენაც არ სურს ,,მისი უნივერსიტეტის” როლის დაკნინების. უნივერსიტეტი კი ყველა თაობას, თითქმის უკვე საუკუნის მანძილზე, მეცნიერების მწვერვალებს შეჭიდებული,  დაუდგრომელი და ერის ინტერესების დაცვის გზაზე მუდამ წინ მდგომი ახსოვს. უნივერსიტეტის ისტორიას წერდნენ ის პროფესორები და სტუდენტები, რომელთაც სწავლებისა და სწავლის გარდა თავიანთ უპირველეს მოვალეობად მიაჩნდათ ხმამაღალი პროტესტის გამოხატვა ყოველგვარი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული გეგმებისა და მოქმედებების წინააღმდეგ, რაც საბჭოთა ეპოქაში დამპყრობელი რუსეთისა თუ მაშინდელ საქართველოს ხელისუფალთ ამოძრავებდათ. ქართველმა კაცმა სწორედ ასეთ უნივერსიტეტს შეაფარა თავი, ჩააბარა მას საკუთარი ღირებულება, ფასეულობა... ამიტომ აღარ სურს საზოგადოების დიდ ნაწილს მის ცნობიერებაში ფესვგადგმული უნივერსიტეტის იდეის მოშლა, ამიტომ აქვს მას დღემდე მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერს ანტისახელმწიფოებრივს, არამართებულს, უსამართლოსა თუ არაღირებულს უნივერსიტეტი წინ აღუდგება და ამით კვლავ თითოეულს დაიცავს.
   დღეს ჩვენი ეროვნულობის გადარჩენის პრობლემა ჩვენსავე თავშია მოსაძებნი. პარტნიორი ქვეყნებისგან რა შემოთავაზებას მივიღებთ, ხოლო შემდეგ რას დავიცავთ და შევინარჩუნებთ – ეს ჩვენი განსასაზღვრია. ამდენად, თვითგადარჩენა, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების განათლების ხარისხს, გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ადაპტაციის უნარსა და ღირებულებების სწორად გადაფასების ნიჭს უკავშირდება. ამ პრობლემატიკის გაშუქებაზეც იქნება ჩვენი გაზეთი _ ,,თბილისის უნივერსიტეტი” ორიენტირებული. 
    გვინდა, პირველ რიგში, არა მხოლოდ ერქვას მას უნივერსიტეტის გაზეთი, არამედ თავისი არსით გამოხატავდეს უნივერსიტეტის იდეისადმი მსახურებას!“

ნინო კაკულია

გაზეთის რედაქტორი