ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათად გამოცემათა ფონდში დაცული ერთ-ერთი კოლექცია ალექსანდრე ვაჩეიშვილის (1886-1964) პირად ბიბლიოთეკას მოიცავს, რომელიც 1880 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება ძირითადად იურიდიული ხასიათის ლიტერატურისაგან.
    ალექსანდრე ვაჩეიშვილი 1922 წლიდან აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას. წლების განმავლობაში იყო სისხლის სამართლის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა სოციოლოგიაში, სამართლის თეორიაში, სისხლის სამართალსა და სისხლის სამართლის პროცესში. ავტორია 50-ზე მეტი დასახელების მეცნიერული შრომის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თავდაუზოგავი მუშაობა ქართული სამართლის ისტორიაში. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა - დამუშავებაში. მისი ხელმძღვანელობით ითარგმნა და მისივე რედაქტორობით გამოიცა სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები სისხლის სამართალში. სწორედ ამიტომ 1946 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება .
    ალექსანდრე ვაჩეიშვილმა თავისი ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობით თვალსაჩინო წვლილი შეიტანა საქართველოში ქართული სამართლის ისტორიისა და მეცნიერების განვითარების საქმეში.