აკადემიკოსი ლევან ალექსიძე

   

    აკადემიკოსი ლევან ალექსიძე


    ღვაწლმოსილი მეცნიერი, მასწავლებელი,

     საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი და 

     საერთაშორისო სამართლის ქართული

     სკოლის  დამაარსებელი



საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებელი,   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ლევან ალექსიძე (1926-2019) დაიბადა ქ. თბილისში.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში (1986), ღირსების (1996), ბრწყინვალებისა (2010) და წმ. გიორგის ორდენების კავალერი (2012), ივანე ჯავახიშვილის ფორუმის პრემიის ლაურიატი (2015), ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (2011), საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა 1950 წლიდან.

1946 წელს დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1947-1950 წლებში ქ. მოსკოვში მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურის სრული კურსი, ლ. ალექსიძე პირველი ქართველი მეცნიერი იყო სპეციალობით „საერთაშორისო სამართალი“.

1950 წლის ივლისში მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „გაეროს უშიშროების საბჭოში მოქმედი ერთხმივობის პრინციპი როგორც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“. 1950-1951 წლებში ინიშნება თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტად, შემგომ უფროს მასწავლებლად, 1953-1964 წლებში ირჩევენ აღნიშნული ფაკულტეტის დოცენტად, 1965 წელს – პროფესორად.

1964 წლის აპრილში, ლ. ალექსიძე, იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში“ (საერთაშორისო სამართლებრივი გამოკვლევა).

1970-1977 წლებში ლ. ალექსიძე მივლინებული იყო საზღვარგარეთ, ნიუ-იორკსა და ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში; 1971-1975 წლებში იგი გაეროს დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და ეროვნული უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის მდივანია, 1975-1976 წლებში – გაეროს საკონსულტაციო სამსახურისა და სპეციალური დავალებების სექციის გამგე, ასრულებდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას, აგრეთვე გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა კომისიის მდივნის მოვალეობას, გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას მის მიერ ორგანიზებულ გაეროს სემინარებზე. აღნიშნულ პერიოდში, მოამზადა და ჩაატარა მთელი რიგი საერთაშორისო ღონისძიებები ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტების თაობაზე (ჟენევა, ვენა, ტუნისი, კანბერა). განაგებდა გაეროს „ადამიანის უფლებათა ბიულეტენი“-სა და „ადამიანის უფლებათა ყოველწლიურის“ მომზადებასა და გამოცემას.

1977-1978 წლებში ლ. ალექსიძე კვლავ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ხოლო 1978 წლიდან – სამართლის საფუძვლებისა და საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგეა. 1985-1992 წლებში იგი თსუ-ს პრორექტორია სასწავლო დარგში.

1988 წელს პროფესორ ლევან ალექსიძეს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2001 წლიდან ამავე აკადემიის ნამდვილ წევრად.

საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისთანავე, ლევან ალექსიძე აქტიურად ერთვება ქვეყნის ინტერესების დასაცავად სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. 1991-1992 გახლავთ საქართველოს პარლამენტის, ხოლო 1992-1993  საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე; 1993 წლის ივნისი - ადამიანის უფლებათა ვენის მსოფლიო კონფერენციაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიცე-ხელმძრვანელი; 1994 - 1999 - გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის სესიაზე საქართველოს წარმომადგენელი; 1993 – 1995 - გაეროს გენერალური ასამბლეის 47-49-ე სესიებზე საქართველოს დელეგაციის ექსპერტი სამართლის დარგში; 1993 – 1995 - გაეროს ეგიდით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებების (რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთი, საქართველო კონფლიქტის მოგვარებას) საქართველოს დელეგაციის წევრი; 1997 წლის მარტი - ადამიანის უფლებათა კომიტეტის სესიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი; 1998 წლის ივლისი - საერთაშორისო სისხლის სასამართლოს შესახებ რომის კონფერენციის ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში. 1999 – 2012  აკად. ლ. ალექსიძე ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის წევრი იყო.

პროფ. ლ. ალექსიძე 150-მდე შრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე.

პროფ. ლ. ალექსიძემ პირველმა დაიწყო საქართველოს საერთაშორისო-სამართლებრივი პრაქტიკის ისტორიული ასპექტების შესწავლა. მისი შრომები ეხება საქართველოს რომის იმპერიასთან ურთიერთობას, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას XI-XIII საუკუნეებში და სუვერენიტეტის ქართული კონცეფციის ჩამოყალიბებას, უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში XII საუკუნეში, XV-XVIII საუკუნეებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის სამართლებრივ ასპექტებს. ამ ნაშრომებში მრავალი საკითხი ახლებურად არის დასმული და გადაწყვეტილი.

საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ უპირობოდ აღიარა აკად. ლ. ალექსიძის მიერ, საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ურთულესი თეორიული და პრაქტიკული პრობლემის - „იმპერატიული ნორმები (jus cogens) საერთაშორისო სამართალში“ - კონცეფციის განვითარება.

1981 წელს პროფ. ლ. ალექსიძე მიიწვიეს ლექციების წასაკითხად საერთაშორისო სამართლის ჰააგის აკადემიაში, სადაც გაიმართა jus cogens -ის პრობლემის კომპლექსური განხილვა. პროფ. ლ. ალექსიძის ლექციები ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა ჰააგაში Recueil des Cours. V.172(III), 1981, მისი მონოგრაფია („საერთაშორისო სამართლის თეორიის საკითხები: იმპერატიული ნორმები“, თბ.,1982), რომელიც რუსულად გამოსცა თსუ-ს გამომცემლობამ (ნაშრომს თან ერთვის ვრცელი ინგლისური რეზიუმე), დიდი გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო სამართლის მსოფლიო დოქტრინაში. 1985 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში.

აკად. ლ. ალექსიძის ღვაწლი იმპერატიული ნორმების პრობლემის დამუშავებაში კარგად ჩანს ამ პრობლემის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფინელი მეცნიერის ლაური ჰანიკაინენის  ნაშრომში.

ავტორი წერს „მინდა მადლობა ვუთხრა ორ ექსპერტს მათი რჩევებისათვის ამ გამოკვლევაზე მუშაობის დასაწყის სტადიაზე. ისინი არიან ჩემი სტიმულის მომცემი მასწავლებლები ლეო გროსი, მაშინ საერთაშორისო სამართლის პროფესორი ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, და ლევან ალექსიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი, ისინი იყვნენ „გზის მაჩვენებელი შუქურა“ ამ რთულ გამოკვლევაზე მუშაობისას“.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კრებულში „თანამედროვე საერთაშორისო სამართლის თეორია და პრაქტიკა“ (რედ. კ.კორკელია, დ.პატარაია, ირ. ქურდაძე) კი, იგივე ავტორი სპეციალურად გამოყოფს პარაგრაფს სახელწოდებით „პროფესორი ლევან ალექსიძე, როგორც jus cogens-ის აღიარებული ექსპერტი“.

იგივე ითქმის მეორე, jus cogens -ის პრობლემაზე მრავალი წლის განმავლობაში მომუშავე ცნობილი იტალიელი მეცნიერის მაურიციო რაგაზის ნაშრომზე „ალექსიძე jus cogens -ის შესახებ“.

ასეთივე მაღალ შეფასებას აძლევს აკად. ლ. ალექსიძის ღვაწლს საერთაშორისო სამართლის ისტორიასა და თეორიაში ცნობილი უკრაინელი მეცნიერი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წევრი (1996 -2008) ვლადიმერ ბუტკევიჩი, რომელიც მიესალმება ლ. ალექსიძის მიდგომას ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისადმი ისტორიზმის მეთოდის გამოყენებით. „მე ვუწოდებ აკადემიკოს ლ. ალექსიძეს „ქართველ ჰუგო გრაციუსს“, რადგანაც ის მისდევს დიდი ჰოლანდიელი მეცნიერის მთავარ პოზიციას – მეცნიერებაში მთავარია წარმოაჩინო დამტკიცებული დებულება, და არა შეასხა ხოტბა ავტორიტეტებს.

ვ. ბუტკევიჩის აზრით, აკად. ლ. ალექსიძის დამსახურება სწორედ იმაშია, რომ საბჭოთა სინამდვილის პირობებშიც კი მან შესძლო საერთაშორისო სამართლის ისტორიული განვითარების ახლებური გააზრება, რაც საქართველოს ანტიკური ხანიდან დაწყებული საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაში ვლინდება. აკად. ლ. ალექსიძე თამამად ამსხვრევდა საბჭოთა მეცნიერებაში შექმნილ სტერეოტიპებს და მის მიერ ჩამოყალიბებულ დებულებებს ურყევი დასაბუთებით ამაგრებდა.

დიდია აკად. ლ. ალექსიძის წვლილი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბრძოლის პროცესში, ამ პროცესისათვის სამართლებრივი ბაზის მომზადებისა და ახალი საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი პოზიციის განსაზღვრაში.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1989 წელს, ეროვნული მოძრაობის გაძლიერების პირობებში, საქართველოს კომუნისტური პარტია იძულებული გახდა შეექმნა სპეციალური კომისია ცნობილი ექსპერტებისა და საზოგადო მოღვაწეთა შემადგენლობით, რომელსაც დაევალა საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. მომზადებული დასკვნის საერთაშორისო სამართლებრივი ნაწილი ლ. ალექსიძის მიერ ჩამოყალიბებულ ღირებულებებს შეიცავდა, რომელთა მიხედვით 1921 წელს თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ინტერვენცია საქართველოში იყო აღნიშნული ხელშეკრულების უხეში დარღვევა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. კომისიის დასკვნა მთლიანობაში საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში არნახული პოლიტიკური გამოწვევის აქტი იყო. კომისიის ყველა წევრმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც კი დაამკიცეს ეს დასკვნა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნეს. ასევე აკად. ლ. ალექსიძის მეცნიერულ პროფესიონალიზმს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტის შემუშავება, რომლის ის ერთ-ერთი ავტორი იყო.

თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი აკად. ლ. ალექსიძემ (დაწყებული 1970-იანი წლებიდან) საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას დაუთმო, მისი მტკიცებით სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი წესით შექმნილი პრინციპები და ნორმები შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიმართ პრიმატი (უზენაესობით) სარგებლობენ. საბჭოთა სინამდვილეში ამ კონცეფციას არ წყალობდნენ.

ამ კონცეფციას პრაქტიკული რეალიზება პროფ. ლ. ალექსიძემ შეძლო 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტით, რომელიც აუწყებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ამიერიდან „საერთაშორისო სამართლის პრიმატი და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.“ ამ ღირებულებამ ჰპოვა შემდგომი განვითარება საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლებში (2018 წ რედაქციით მე-4 მუხლი პ.4). პროფ. ლ. ალექსიძე იმ დროს საკონსტიტუციო კომისიის წევრია და ზემოხსენებული კონსტიტუციის მუხლების ავტორია. იგი არის ამ ფუძემდებლური დოკუმნეტის ერთ-ერთი ხელისმომწერი.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში აკად. ლ. ალექსიძის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომელიც საერთაშორისო სამართლის სფეროში სამეცნიერო და მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტების მომზადების სამჭედლოდ იქცა.

აკად. ლ. ალექსიძის და მის თანამოაზრეთა თეორიული კონცეფციების საერთაშორისო სამართლის დოქტრინაში თავისი ნიშა გააჩნია, რაც უფლებას გვაძლევს ვაღიაროთ ღვაწლმოსილი მეცნიერი საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებლად.

სწორედ ამ სკოლის მეცადინეობით მომზადდა და გამოიცა ქართულ ენაზე პირველი ორიგინალური, საქართველოს საშინაო და საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის ამსახველი ორი ლექსიკონი-ცნობარი („თანამედროვე საერთაშორისო სამართალი“. რედაქტორი და თანაავტორი ლ. ალექსიძე, თბ., 2003, 417 გვ.; „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“. რედაქტორი და თანაავტორი ლ. ალექსიძე. თბ., 2006, 283 გვ.)

აკად. ლ. ალექსიძე ცნობილია არა მხოლოდ როგორც საერთაშორისო სამართლის ისტორიისა და თანამედროვე თეორიის გამოჩენილი სპეციალისტი, არამედ როგორც მეცნიერი, რომელიც თავის ცოდნას ახმარს საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეული პრობლემის – აგრესიული სეპარატიზმისა და მისი მხარდამჭერი რუსეთის პოლიტოლოგებისა და იურისტ მეცნიერთა მიერ წარმოებულ იდეოლოგიურ დივერსიას. აფხაზი სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დასასაბუთებლად ხალხთა თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის საფუძველზე. აღნიშნული ნაშრომები საფუძვლად დაედო საქართველოს პოზიციას აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებს, რომლებშიც ლ. ალექსიძე კონფლიქტის დაწყებიდანვე იყო ჩაბმული. ფასდაუდებელია ლ. ალექსიძის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამეცნიერო, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები, მათ შორის ე.წ. ტალიავინის მოხსენების სრულყოფილი სამართლებრივი ანალიზი

აღნიშნულ საკითხებზე აღსანიშნავია აკად. ლ. ალექსიძის სიღრმისეული სამეცნიერო პუბლიკაციები, რომელიც იბეჭდებოდა როგორც ეროვნულ, ასვე საერთაშორისო გამოცემებში:

  1. Правовые аспекты абхазской проблемы в свете документально подтвержденного, а не фальсифицированного исторического опыта и современного международного права (Московский журнал международного права, №3, 1998)

  1. О несостоятельности попыток абхазской стороны в конфликте в Абхазии, Грузия, юридически обосновать «право Абхазии на самоопределение, вплоть до отделения от Грузии» - „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“ (თსუ), 2001 №1 с. 80-103 ( English version )

  2. აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის საერთაშორისო დაგმობის საქმეში ეუთოს გადამწყვეტი როლის შესახებ – „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“ (თსუ), 2008 #1, გვ. 33–39(English version)

  3. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრის საერთაშორისოსამართლებრივი ასპექტები – „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“ (თსუ), 2008 #2, გვ. 7–8 ( English version) (русская версия)

  4. И снова агрессия, интервенция и оккупация Грузии с целью ликвидации суверенитета и территориальной целостности страны – «Свободная Грузия», 30 Август, 2008. ( English version)

  5. Бессилие Совета Безопасности OOH урегулировать конфликт в Абхазии, Грузия, подрывает основные устои международного правопорядка (Агрессивный Сепаратизм VS. Международное Сообщество) – «Журнал Международного Права» (Тбилисский Государственный Университет им. Ив. Джавахишвили) 2009 №1 с. 82-100 ( English version)

  6. საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მისიის მოხსენების საერთაშორისოსამართლებრივი ასპექტები – „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“ (თსუ), 2, 2009 – 1, 2010, გვ. 5– 14 (English version)

  7. Has Kosovo Case Diminished the adherence of the International Community of States to the Inviolability of Territorial Integrity of the UN State-members Including Georgia (Report presented to the “Fourth Forum of Researches” held by the European Association of International Law, in Tallinn, May 28, 2011). (ქართული ვერსია)

 

ეს საფუძვლად დაედო საქართველოს პოზიციას აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებს, რომლებშიც ლ. ალექსიძე კონფლიქტის დაწყებიდანვე იყო ჩაბმული.

წლების მანძილზე ლ. ალექსიძე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომისიას, რომელსაც დავალებული ჰქონდა აფხაზეთში, საქართველო ქართველთა მიმართ გენოციდის, ეთნიკური წმენდის ფაქტების გამოვლინებისა და მასალების საერთაშორისო ტრიბუნალისათვის გადაცემა. ლ. ალექსიძის მიერ მომზადებული მოხსენებები გავრცელებული იყო გაეროს უშიშროების საბჭოს და ადამიანის უფლებათა კომისიის დოკუმენტების სახით ( E/CN.4/1994/123; E/CN.4/1995/139; E/CN.4/1996/146;  S/1994/225; A/52/116 S/1997/317).

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო ორი, შემაჯამებელი დოკუმენტი – „აფხაზეთის, საქართველოს, ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდის/გენოციდის ჩატარების პოლიტიკაში მხილებული ფაქტები და ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა გადაცემის აუცილებლობა მართლმსაჯულებისადმი საერთაშორისო პრინციპების სათანადო პროცესის დაცვით“. ეს დოკუმენტები, ფაქტობრივი მასალის გარდა, სიღრმისეულ საერთაშორისო სამართლებრივ ანალიზს შეიცავს. ასევე, ამ სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ეუთოს (ბუდაპეშტი, 1994; ლისაბონი, 1996) და დსთ-ს (მინსკი, 1997) სახელმწიფოთა სამიტების დოკუმენტებში დაგმობილ იქნა ქართველების მიმართ ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, რასაც გაეროს უშიშროების საბჭო შეახსენებს მსოფლიოს ყოველ თავის რეზოლუციაში – „აფხაზეთში, საქართველო, მდგომარეობის შესახებ”. და ამ შემთხვევეაშიც, განუსაზღვრელია ბატონი ლევანის წვლილი ეუთოს ეგიდით მიღებული დოკუმენტების შემუშავების პროცესში.

სწორედ ლ. ალექსიძის ცოდნის თეორიული ბაზა და ისტორიული ფაქტების მოშველიება იქცა საწინდრად აგრესიული სეპარატიზმის იდეოლოგიისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე წარმატებული მხილებისათვის.

ბატონი ლევანი ბევრს აკეთებდა სტუდენტთა სახელმძღვანელოთი უზრუნველყოფის მიზნით. ჯერ კიდევ 1968 წელს გამოქვეყნდა ორიგინალური, პირველი ქართულ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელო „თანამედროვე საერთაშორისო სამართალი“, რომელიც განახლებული სახით პერიოდულად გამოიცემოდა (ბოლო რედაქცია 2013 წელს).

ბევრს აკეთებდა იგი ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდის მიზნით, მისი ხელდასმით მრავალი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი და სამართლის დოქტორი აღიზარდა.

ბატონი ლევანი კარგად არის ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ ასვე – უკრაინაში, აზერბაიჯანსა თუ სომხეთში, როგორც მზრუნველი მეცნიერ-ხელმძღვანელი და კეთილსინდისიერი, მაგრამ ობიექტური ოპონენტი საკანდიდატო და სადისერტაციო ხარისხის მაძიებლების მიმართ.

აკად. ლ. ალექსიძე აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო პროფესიულ გაერთიენებებსა და მათი ეროვნული განყოფილებების მუშაობაში. 1958 წლიდან იგი იყო საერთაშორისო სამართლის საბჭოთა ასოციაციის წევრი; 1962-1970, 1981-1991 – დასახელებული ასოციაციის აღმასკომის წევრი, 1961-1990 საერთაშორისო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი, 1970-1976 წლებში საერთაშორისო სამართლის ამერიკული საზოგადოების წევრი.

აკად. ლ. ალექსიძეს იწვევდენ საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, საერთაშორისო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე ლექციების და მოხსენებების წასაკითხად, კონსულტაციების მისაღებად თბილისში ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები.

სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე  ბატონი ლევანი დაუღალავად, მისთვის დამახასიათებელი შრომისმოყვარეობითა და საქმისადმი თავდადებით, ჩართული იყო როგორც სამეცნიერო ისე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

აკადემიკოსმა, პროფესორმა ლევან ალქსიძემ წარუშლელი კვალი დატოვა მრავალი თაობის მეხსიერებაში.



 

 

გამოქვეყნების თარიღი:2020-08-13 17:00:18