გახმაურებული და წარმატებული იმიტირებული სასამართლო პროცესი

2009-12-20

გახმაურებული და წარმატებული იმიტირებული სასამართლო პროცესი

2009 წლის 20 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივითა და მონაწილეობით, სტუდენტური თვითმმართველობისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ბატონ ირაკლი ბურდულის, დახმარებით, უზენაეს სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ეხებოდა 1983 წლის 18 ნოემბერს ახალგაზრდების მიერ (რომლებიც საზოგადოებისთვის „ჯინსების თაობის“ სახელწოდებით არიან ცნობილი) თვითმფრინავის გატაცების ტრაგიკულ ფაქტს.

პროექტის იდეის ავტორი გახლდათ იურიდიული ფაკულტეტის მე–8 სემესტრის სტუდენტი დიანა დათუსანი. რომელმაც ამავე კურსის სტუდენტ თაკო დიოგიძესთან ერთად ორგანიზება გაუკეთა აღნიშნულ პროექტს. მოგეხსენებათ თემა ახლაც ისეთივე აქტუალური და ცხარე განსჯის საგანია, როგორც ეს 1983 წელს იყო. ადამიანებს დღემდე აქვთ უსამართლობის განცდა ამ საქმეზე არსებულ რეალურ განაჩენთან დაკავშირებით და პროექტის მიზანიც სწორედ აღნიშნულ თემაზე ობიექტური, სტუდენტური გადაწყვეტილების მიღება და ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის სახით საზოგადოებრივი აზრის გამოკვეთა იყო. პროექტს ხელმძღვანელობდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი, სამართლის დოქტორი ბატონი ირაკლი დვალიძე. სწორედ, მისი უშუალო ინიციატივით იქნა ჩართული პროცესში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

აღნიშნული პროექტი, სახელწოდებით „რეისი #6833“ მოიცავდა რამოდენიმე ეტაპს. 2009წლის 18 ნოემბერს შედგა უნივერსიტეტში მისი პრეზენტაცია, რის შემდეგაც გასაუბრების გზით, ბატონი ირაკლი დვალიძის მიერ, შერჩეულ იქნა სტუდენტები, რომლებსაც გადაეცათ ორგანიზატორების მიერ შსს საარქივო სამმართველოში შესწავლილი საქმის რეალური მასალები. იმიტირებული პროცესის შემდეგ შედგა პროექტის დასკვნითი ეტაპი, სადაც შეჯამებულ იქნა შედეგები და მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

პროექტის ფარგლებში საზოგადოებისთვის ბევრი უცნობი და საინტერესო დეტალი გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ გამტაცებელს, რეალური შედეგისგან განსხვავებით, არ მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა არც მსაჯულთა ვერდიქტით და არც სტუდენტების მიერ მიღებული განაჩენით.

ნაფიც მსაჯულებად მოწვეული იყვნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს უფროსი ომარ თუშურაშვილი; მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დიმიტრი კორძაია; მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი თორნიკე ხუციშვილი; თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე ირაკლი მეგრელიშვილი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბაქანიშვილი.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლომ, წაყენებულ ბრალდებაში ყველა განსასჯელი ცნო დამნაშავედ და მიუსაჯა: თინათინ ფეტვიაშვილსა და მამა თეიმურაზ ჩიხლაძეს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, გერმანე კობახიძეს –13 წლის ვადით, პაატა და კახა ივერიელებს – 15 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა მამა თეიმურაზ ჩიხლაძე უდანაშაულოდ ცნეს. მათი ვერდიქტის მიხედვით, თინათინ ფეტვიაშვილსა და გეგა კობახიძეს შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, პაატა ივერიელს – 15 წლის ვადით, კახა ივერიელს – 20 წლის ვადით.

აღნიშნული იმიტირებული პროცესის საშუალებით სტუდენტებს სურდათ დაეფიქსირებინათ თავიანთი სამართლებრივი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. მოსამართლეები, დაცვისა და ბრალდების მხარე დამამთავრებელი სემსტრის სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა მათთან ერთად დაბალი სემესტრის სტუდენტებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. როგორც პროექტის შედეგებიდან ჩანს, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ „თვითმფრინავის ბიჭების“ მხრიდან ადგილი ჰქონდა აშკარა დანაშაულს, რასაც ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენება გადამეტებული იყო.

ფოტოგალერეა
Print

« იხ. ყველა სიახლე