2015-12-29

Business Games - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პროექტი

2015 წლის 19-20-21 დეკემბერს ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარეობდა სამდღიანი პროექტი Business Games.  პროექტი განხორციელდა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მიერ ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. ის წარმოადგენდა დეპარტამენტის რიგით მე-9 სემესტრის დასკვნით პროექტს.



Business Games მოიცავდა სამ ბიზნეს თამაშს. პირველი თამაში შედგებოდა სამი 10წუთიანი რაუნდისგან. ეს იყო საერთაშრისო ვაჭრობის სიმულაცია, სადაც შერჩეული სტუდენტები თმაშის დღესვე შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ გუნდებში. მათი დავალება იყო არსებული რესურსებით ეწარმოებინათ საბოლოო პროდუქტები, რაც პირობითად მოიცავდა გეომეტრიულ ფიგურებს. მონაწილეები ცდილობდნენ ვაჭრობის მეშვეობით სხვა ქვეყნებისგან მოეპოვებინათ დამატებითი წარმოების ფაქტორები საბოლოო პროდუქტის მისაღებად. თითოეულ გუნდს ჰყავდა თავისი ეკონომისტი, რომელიც ითვლიდა რაუნდებში ქვეყნების მიერ წარმოებულ საბოლოო მოხმარების პროდუქტების ღირებულებას.



გაიმარჯვა იმ ქვეყანამ, რომელმაც ყველაზე მეტი პროდუქცია აწარმოა რაუნდებში. ეს ქვეყანა კი გახლდათ ინდოეთი, რომელსაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდა. აღსანიშნავია აშშ, რომელსაც ყველაზე მაღალგანვითარებული ტექნოლოგია ჰქონდა, თუმცა ბოლო პოზიციები დაიკავა. სიმულაციამ აჩვენა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამუშაო ძალა ქვეყნისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გონიერი მმართველები, რომლებიც სწორად გეგმავენ ეკონომიკას. თამაშში გაიმარჯვა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა თამარ ყურაშვლმა.



მეორე საქმიანი თამაშის სახელწოდება იყო „კონსალტინგი“. თამაში იყო სისწრაფეზე და მონაწილეებს 1 საათის განმავლობაში უნდა დაეთვალათ ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური დამოუკიდებლობის,ლიკვიდურობის და სხვა კოეფიციენტები მოცემული ბუღალტრული ბალანსის საფუძველზე. ამ თამაშში გაიმარჯვა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა ნიკოლოზ არხოშაშვილმა.



მესამე, დასკვნითი საქმიანი თამაში იყო  „რეგიონის განვითარების მოდელი“. აღნიშნულ თამაშში მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ გუნდებში. მათ დაურიგდათ რეგიონის რუკა და სხვადასხვა მაკეტები. მათი დავალება იყო განევითარებინათ ეს რეგიონი, კერძოდ განეთვასებინათ ქალაქი, სოფელი, სამრეწველო  და რეკრეაციული ზონები და ეს ყველაფერი ისე, რომ ეკოლოგიურად მაქსიმალურად ოპრიმალური მოდელი შეექმნათ. თითოეულ მაგიდას ჰყავდა თავისი ეკოლოგი,რომელიც აფრთხილებდა თუ რა შედეგი მოყვებოდა მონაწილეთა თითოეულ გადაწყვეტილებას ობიექტების განლაგების თაობაზე. საბოლოო ჯამში პროექტი წარედგინა მთავარ ეკოლოგებსა და ჟურის,რომლებმაც გამოავლინეს საუკეთესო. თამაშში გაიმარჯვა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა გურამ დიასამიძემ.


თსუ სტუდენტური თვითმართველობა მადლობას უხდის ფაკულტეტის დეკანს, ადმინისტრაციასა და  ჟიურის წევრებს დახმარებისთვის.




Print

« იხ. ყველა სიახლე