ოთარ ჯაფარიძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ოთარ ჯაფარიძე დაიბადა 1921 წლის 16 სექტემბერს თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1929-39 წლებში სწავლობდა თბილისის 25-ე საშუალო სკოლაში. 1939 წელს შევიდა და 1943 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. პარალელურად, 1944 წელს, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც 1950 წლამდე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში, 1948 წელს, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1950-52 წლებში ო.ჯაფარიძე მუშაობდა ი.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1952 წლიდან დღემდე ო.ჯაფარიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს. სხვადასხვა დროს იყო არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი. 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
1964 წელს ო.ჯაფარიძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ. მომდევნო წელს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, ო.ჯაფარიძე გახდა არქეოლოგიის კათედრის გამგე, რომელსაც თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 1997 წლის ნოემბრიდან ო.ჯაფარიძე არის თსუ-ის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი.
1979 წელს ო.ჯაფარიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს – აკადემიის ნამდვილ წევრად.
1991 წლის 13 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ო.ჯაფარიძე ასრულებდა თსუ-ის რექტორის მოვალეობას, რომლიდანაც პირადი განცადების საფუძველზე გათავისუფლდა.
ო.ჯაფარიძე საქართველოს ერთ – ერთი წამყვანი არქეოლოგია, რომლის ნაშრომებმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ტომების ისტორიის კვლევაში ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში. არის 120 – ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. 1969 წელს ნაშრომისათვის - “არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში” - მეცნიერთაგან პირველს მიენიჭა ი. ჯავახიშვილის სახელობის პრემია.
ო.ჯაფარიძე ათეული წლების განმავლობაში იყო ჟურნალის “ Советская Археология ” რედკოლეგიის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.