ევგენი ხარაძე

(1907-2001)

გამოჩენილი მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეჩვიდმიეტე რექტორი (1959-1966 წლები), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1980 წლები), პრეზიდენტი (1980-1986 წლები), საქართველოსა და სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1976-1982 წლები), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი (1932-1992 წლები), ევგენი ხარაძე დაიბადა 1907 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ ე.ხარაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა. 1931 წელს იგი ჩაირიცხა ლენინგრადის სახელმწიფო ასტრონომიული ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1934 წელს დაასრულა. 1936 წელს ე.ხარაძემ ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტვცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1948 წელს – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია ¨14 000 ვარსკლავის ფერის მაჩვენებლის კატალოგი და სინათლის შთანთქმის გამოკვლევა¨.

1949 წელს ე.ხარაძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება, 1950 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტად, ხოლო 1956 წელს – აკადემიკოსად.

ე.ხარაძე 1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე.

ე.ხარაძის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკლავთა სპექტრული მახასიათებლების, აგრეთვე, ვარსკლავებისა და ვასკლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კვლევის საკითხებს. ე.ხარაძემ აღმოაჩინა, რომ P Cyg -ტიპის ვარსკლავთა სპექტრში ხაზების დოპლერისეული წანაცვლებანი მოწმობენ ვარსკლავის განვრცობილ ატმოსფეროში ელემენტების სტრატიფიკაციას, შეადგინა კაპტეინის სხვადასხვა არეში მყოფ ვარსკლავთა ფერის სიჭარბეების , ფოტოვიზუალური ვარსკლავური სიდიდეების, ნათობებისა და სპექტრების კატალოგები, მათზე დაყრდნობით შეისწავლა სინათლის შთანთქმა გალაქტიკაში.

ე.ხარაძის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით დაარსებულ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში განხორციელდა მრავალი საყურადღებო ასტრონომიული დაკვირვება და გამოკვლევა. მან დიდი მუშაობა გასწია ეროვნული ასტრონომიული კადრების მომზადების საქმეში.

ე.ხარაძე დაჯილდოებული იყო ლენინის ოთხი ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით და სხვ.

ე.ხარაძე გარდაიცვალა 2001 წლის ოქტომბერში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ე.ხარაძის გარდაცვალების შემდეგ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას მისი სახელი მიენიჭა.

loading