ნოდარ ამაღლობელი

(1930-2004)

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ამაღლობელი დაიბადა 1930 წლის 24 აგვისტოს თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1937-48 წლებში ნ.ამაღლობელი სწავლობდა ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის 1 საშუალო სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ, 1953 წელს, ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1957 წელს წარმატებით დაამთავრა იგი. ასპირანტურის კურსის გასავლელად მივლინებული იყო ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ბირთვული პრობლემების ლაბორატორიაში.

1957-62 წლებში ნ.ამაღლობელი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1962 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1962 წლიდან მოღვაწეობს თსუ-ში. სხვადასხვა წელს იყო თსუ-ის კიბერნეტიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო -კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე. მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში და სხვ.

ამავდროულად, ნ.ამაღლობელი ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო მოღვაწეობას, სისტემატურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების (აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში და სხვ.) მუშაობაში. 1976 წელს მეზონების პროტონებთან და ნახშირბადის ბირთვებთან ურთიეთქმედებისას წარმოქმნილ უცნაური ნაწილაკებისადმი მიძღვნილ შრომათა ციკლისათვის მიენიჭა პ.მელიქიშვილის სახელობის პრემია, ხოლო 1985 წელს - ახალი ვიწრო ბარიონული რეზონანსის აღმოჩენისა და გამოკვლევისათვის -საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

1975 წელს ნ.ამაღლობელმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1979 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტად, ხოლო 1988 წელს – აკადემიკოსად.

აკადემიკოსი ნ. ამაღლობელი არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი, 150-ზე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ბევრი დაბეჭდილია უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან ნ. ამაღლობელი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელია. ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. აქ საქმიანობისათვის რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 1998 წელს ¨მეგობრობის ორდენით¨ დააჯილდოვა.

1985 წლის 13 სექტემბერს ნ. ამაღლობელი დაინიშნა თსუ-ის რექტორად. მისი ხელმძღვანელობით 1988 წელს ფართოდ აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსების 70 წლისთავი. 1991 წლის 27 აგვისტოს ნ. ამაღლობელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. იმავე დღეს იგი დაინიშნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად; ნოემბერში მიიწვიეს თსუ-ის ზოგადი ფიზიკის კათედრის პროფესორად. 1994 წლიდან ნ. ამაღლობელი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.

ნ. ამაღლობელი სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწევა: 1989-90 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; არის საქართველოს პარლამენტის წევრი , პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.

ნ. ამაღლობელის სამეცნიერო -პედაგოგიური და საზოგადოებრივ -პოლიტიკური მოღვაწეობა მთავრობის არაერთი ჯილდოთია აღნიშნული, მათ შორის, ღირსების ორდენით.