ალექსანდრე ჯანელიძე

(1888-1975)

გამოჩენილი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე ჯანელიძე, დაიბადა 1888 წლის 6 ნოემბერს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ა.ჯანელიძე უმაღლესი განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შევიდა, რომელიც 1910 წელს წარმატებით დაამთავრა. 1911 წელს სამშობლოში დაბრუნდა და 4 წლის განმავლობაში ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლიდა ქუთაისის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში. შემდეგ იგი ყაზანის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ა. ჯანელიძე აქტიურად მონაწილეობ და პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების მამულიშვილურ საქმეში. 1917 წლის 17 მაისს ი.ჯავახიშვილის ინიციატივით ქუთაისში გაიმართა კულტურულ, საკრედიტო დაწესებულებათა და პერიოდულ გამოცემათა წარმომადგენლების კრება. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი პედაგოგი ი.ოცხელი, მდივნად – ა.ჯანელიძე. კრების ოქმი ა. ჯანელიძემ შეადგინა. კრებამ განიხილა ქართული უნივერსიტეტის საკითხი და მხარი დაუჭირა ი.ჯავახიშვილის წინადადებას უნივერსიტეტის დაარსების შესახებ.

1917 წლის ივნისის დასაწყისში ქუთაისში ჩავიდა ქართული უნივერსიტეტის შექმნის ერთ-ერთინიციატორი ანდრია რაზმაძე. მან შეკრიბა ახალგაზრდა მეცნიერები: შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, ლ.შურღაია და ა.ჯანელიძე, გააცნო უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებული საქმის მსვლელობა და მათთვის საინტერესო საკითხებზე აზრის გამოთქმა სთხოვა. კრებამ შეიმუშავა წინადადებები სამეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის, უცხოელ მეცნიერთა მოწვევისა და ქართული პროფესურისათვის შესაფერისი პორობების შექმნის შესახებ. კრების გადაწყვეტილებები ი.ჯავახიშვილს ა.ჯანელიძემ 1917 წლის 8 ივნისს თბილისში გაგზავნილი კერძო წერილით აცნობა. 1918-1919 წწ. ა. ჯანელიძემ გამოაქვეყნა ფიზიკის ორი სახელმძღვანელო საშუალო სკოლებისათვის.

1920 წლის დასაწყისში ა. ჯანელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავალებით ხანგრძლივი მივლინებით გაემგზავრა უცხოეთში. 1923 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია – ეს იყო პირველი დისერტაცია საბუნებისმეტყველო დარგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1924 წელს გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგედ აირჩიეს. ამ კათედრას იგი უცვლელად ხელმძღვანელობდა 45 წლის განმავლობაში. ა. ჯანელიძემ შექმნა აგრეთვე გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და მრავალი წლის განმავლობაში მისი უცვლელი გამგე იყო.

ა. ჯანელიძის კალამს 150-ზე მეტი შრომა ეკუთვნის, მათ შორის, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები, რომლებიც ეხება გეოლოგიური მეცნიერების სხვადასხვა დარგს, კერძოდ, პალეონტოლოგიას, სტრატიგრაფიასა და ტექტონიკას. იურიდიული და და ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული დანაწილების სქემა, შემუშავებული მისი და მისი მოწაფეების მიერ, საფუძვლად უდევს საქართველოსა და მთელი ამიერკავკასიის სახელმწიფო გეოლოგიურ აგეგმვას. კავკასიის ტექტონიკური აგებულების შესახებ მისი შეხედულებები დადასტურებულია გეოლოგიურ – აგეგმვითი და რეგიონულ – გეოლოგიური სამუშაოების მთელი პრაქტიკით.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო ა. ჯანელიძემ თეორიული გეოლოგიის განვითარებას. საკმარისია აღინიშნოს, მაგალითად, მისი გამოკვლევები, მიძღ ვნილი გეოტექტონიკის ურთულესი პრობლემებისადმი და სხვ.

ა. ჯანელიძის სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დამახასიათებელი იყო თეორიული გამოკვლევების ჰარმონიული შეხამება დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობის აქტუალური ამოცანების გადაწყვეტასთან. მან არსებითი წვლილი შეიტანა ტყიბულის ქვანახშირის საბადოს გაფართოებაში. მისი ავტორიტეტული კონსულტაციით წყდებოდა ქ.თბილისის წყალმომარაგების, სამგორის სარწყავი სისტემისა და საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რესპუბლიკის მინერალური წყლების უმდიდრესი რესურსების ათვისების საკითხები და ა.შ.

დიდია ა. ჯანელიძის ღვაწლი გეოლოგიური კადრების მომზადებაში, რასაც მან სიცოცხლის მეტი წილი შესწირა. ის ჩინებული ლექტორი იყო. მისმა ამ თვისებამ, აგრეთვე ახალგაზრდობის აღზრდისა და მისთვის დამოუკიდებელი კვლევითი მუშაობის სიყვარულისა და ჩვევების ჩანერგვისათვის განსაკუთრებულმა ზრუნვამ, განაპირობა ქართული გეოლოგიური სკოლის წარმატება.

ა. ჯანელიძე ოცდაათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მის მიერ 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ გეოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შედის. მან შექმნა აგრეთვე საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე თავმჯდომარეობდა. 1941 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პირველ შემადგენლობაში არჩევის შემდეგ სახელოვანი მეცნიერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილებას, იყო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, მისი პრეზიდიუმის წევრი.

მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს წლებში – 1942 წლის თებერვლიდან 1945 წლის აგვისტომდე – ა. ჯანელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ომით გამოწვეული სიძნელეების მიუხედავად, თსუ –ს ერთი დღითაც არ შეუწყვეტია სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვოდა მის რექტორს.

ა.ჯანელიძე დაჯილდოებული იყო ლენინის სამი ორდენით, შრომის წითელი დროშის ორი ორდენითა და მედლებით.

გარდაიცვალა 1975 წლის 16 იანვარს.