გიორგი ძოწენიძე

(1910-1976)

გამოჩენილი მეცნიერი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე გიორგი ძოწენიძე დაიბადა 1910 წლის 10 თებერვალს ქუთაისში, მუშის ოჯახში.

გ ძოწენიძემ 1925 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1929 წელს წარმატებით დაასრულა. ცნობილმა მეცნიერმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ იგი სწავლის პერიოდში მიიწვია ლაბორანტად მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრაზე, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ- ასპირანტურაში განაგრძო სწავლა. აქ იგი წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ქართული გეოლოგიური სკოლის ჩამოყალიბების პირველ პერიოდში მის ცნობილ დამაარსებლებს – ა∙ ჯანელიძეს, ა. თვალჭრელიძეს და კ∙გაბუნიას - გ. ძოწენიძის პირველ მასწავლებლებს – არ ჰყოფნიდათ კვალიფიციური კადრები იმ მრავალი პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც სამამულო გეოლოგიის წინაშე იდგა. ამიტომ კათედრაზე მუშაობის პარალელურად გ. ძოწენიძე სათავეში ჩაუდგა საველე გეოლოგიურ პარტიებს, რომლებიც იმხანად სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულ საბადოებს ეძი ებდნენ, რათა ისინი შეესწავლათ და ხალხის სამსახურში ჩაეყენებინათ. გ. ძოწენიძემ გამოიკვლია ზემო რაჭისა და ქვემო სვანეთის დარიშხანი, ზემო სვანეთის ანთიმონიტი, აჭარის გოგირდ-კოლჩედანი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის პოლიმეტალები, აგრეთვე ბარიტის, ფოსფორის, ნალციმის და და მრავალი სხვა საბადო.

მრავალმხრივი იყო გ. ძოწენიძის მეცნიერული ინტერესები, მაგრამ მან იმთავითვე თავისი მოღვაწეობის ძირითად მიმართულებად პალეოვულკანოლოგია და დანალექ ქანთა კვლევა აირჩია.

გ. ძოწენიძის პირველ ფუნდამენტურ ნაშრომს პალეოვულკანოლოგიაში წარმოადგენს 1938 წელს გამოქვეყნებული გამოკვლევა საქართველოს შუაიურული ვულკანოგენური წყების პეტროგრაფიის შესახებ. აქ მან პირველმა აღნიშნა კავკასიონზე თავისებური ვულკანიტების , სპილიტების არსებობა, ამასთან დაადგინა, რომ სპილიტები აღნიშნული წყების მხოლოდ ქვედა ჰორიზონტებს ქმნიან, დამაჯერებლად აჩვენა, რომ იურული ვულკანური წარმონაქმნები წარმოადგენენ კირტუტიანი ვულკანიზმის კანონზომიერი განვითარების სურათს.

მომდევნო წლებში გ. ძოწენიძე გატაცებით აგრძელებდა საქართველოს მიოცენამდელი წარმონაქმნების შედარებით შესწავლას, განსაკუთრებით ფართოდ აშუქებდა მათ პეტროქიმიურ ბუნებას და ვულკანიზმის ევოლუციის ხასიათს. ამ მრავალწლიანი გამოკვლევების ციკლის დამაგვირგვინებელი იყო 1948 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფია - ¨საქართველოს მიოცენამდელი ეფუზიური ვულკანიზმი¨∙ მისმა ამ შესანიშნავმა ნაშრომმა დიდი როლი შეასრულა სამამულო პეტროლოგიის განვითარებაში∙ ამიტომაც იყო, რომ მას 1950 წელს სტალინური პრემია მიენიჭა∙

თვალსაჩინოა გ. ძოწენიძის დამსახურება საქართველოს დანალექი წყებების კვლევის საქმეში. ამ მიზნით მან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ლითოლოგიის განყოფილება. მისი ხელმძღვანელობით და მისივე უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა საქართველოს დანალექი ფორმაციების ლითოლოგიური შესწავლა∙ ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაშრომების რიცხვს მიეკუთვნება 1961 წელს გამოქვეყნებული მისი მონოგრაფია-, ¨ საქართველოს შუაიურული ნახშირიანი ნალექების ზოლის ლითოლოგია და პალეოგეოგრაფია¨∙ მნიშვნელოვანია გამოკვლევები , რომლებიც მან მიუძღვნა გეოლოგიაში სრულიად ახალ მეცნიერულ მიმართულებას - ვულკანიზმის როლს დანალექი ქანებისა და მადანთწარმოებაში∙

1957-1959 წლებში გ. ძოწენიძე იყო თსუ-ის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე. 1955 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო 1968 წელს – სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

1958-1959 წლებში აკადემიკოსი გ. ძოწენიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პასუხსაგებ მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

გარდა ზემოთ აღწერილისა, აღსანიშნავია აგრეთვე გ. ძოწენიძის მოღვაწეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე: იგი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე – 1959-1975 წწ∙ იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

გ. ძოწენიძე დაჯილდოებული იყო ლენინის სამი ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით∙

გ. ძოწენიძე გარდაიცვალა 1976 წლის 5 მაისს.