ვაჟა ოკუჯავა

(1930-2011)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა ოკუჯავა დაიბადა 1930 წლის 25 თებერვალს ქ. თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1947 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-2 საშუალო სკოლა. 1950-56 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1959-61 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1960 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1961-90 წლებში ვ.ოკუჯავა ხელმძღვანელობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილებას, ამავდროულად აქტიურ სამეცნიერო-საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1966 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1969 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება, 1974 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1973-75 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, 1975-80 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 1978-88 წლებში - ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიის გამგე, 1993-97 წლებში – სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

1962 წელს ვ. ოკუჯავა აირჩიეს იუნესკოსთან არსებული ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრად; 1975 წელს – ქართული ფიზიოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტად ; დღიდან დაარსებისა (1975 წ.) რედაქტორობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ¨მაცნეს¨ (ბიოლოგიის სერია), 1978-87 წლებში იყო საზოგადოება ¨ცოდნის¨ თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო ჟურნალების: ,, Нейрофизиология ,, (1975-91 წწ.), ,,Electroencephalography and Clinical Neurophysiology” (1978-88 წწ.), სარედაქციო საბჭოების წევრი. 1997 წლიდან არის საერთაშორისო ჟურნალის „Epilepsy Research” რედკოლეგიის წევრი, აგრეთვე, ეპილეფსიის ევროპული აკადემიის წევრი (1998 წლიდან).

ვ. ოკუჯავამ თავისი გამოკვლევებით , რომელთა რიცხვი 250 - ს აღემატება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნეირობიოლოგიის მრავალი აქტუალური პრობლემის გადაჭრის საქმეში. მისი ნაშრომები ეხება ზოგადი ნეიროფიზიოლოგიის ფუნდამენტურ პრობლემებს, ამავე დროს დაკავშირებულია თანამედროვე პრაქტიკული ნევროლოგიის უაღრესად საჭირბოროტო გამოყენებით ასპექტებთან.

ვ. ოკუჯავამ, პირველად ჩვენს ქვეყანაში, ფართოდ დანერგა უნატიფესი მიკროფიზიოლოგიური მეთოდები თავის ტვინის ელემენტარული სტრუქტურების მოქმედების შესწავლის საქმეში.

1981 წელს ვ. ოკუჯავა ი. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა, 1999 წელს მიენიჭა ხორეზმის სახელობის საერთაშორისო პრემია.

ვ. ოკუჯავა სისტემატურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (კუბაში, იაპონიაში,უნგრეთში, საფრანგეთში, ინგლისში,აშშ-ში, შვეიცარიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, კანადაში და ა.შ.).

1980 წლის 12 მარტს ვ.ოკუჯავა დაინიშნა თსუ-ის რექტორად. ამ პერიოდში აღინიშნა სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის მნიშვნელოვანი გაფართოება ფაკულტეტებსა და კათედრებზე, ბევრი ახალი ლაბორატორიის შექმნა და ამუშავება.

1985 წლის 13 სექტემბერს ვ. ოკუჯავა რექტორობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. 1985 წლიდან დღემდე იგი მუშაობს თსუ-ის ნეირობიოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ლაბორატორიის გამგედ, გარდა ამისა, არის საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი (2000 წლიდან).

ვ. ოკუჯავას სამეცნიერო -პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა არაერთი ჯილდოთი არის აღნიშნული: შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიტო ნიშნის ორდენით, მედლებითა და სიგელებით.