პეტრე მელიქიშვილი

(1850 -1927)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი, პეტრე მელიქიშვილი, დაიბადა 1850 წლის 11 ივლისს ქ. თბილისში, განათლებული, ქართული ტრადიციების მქონე ოჯახში, სადაც არაერთხელ შეკრებილან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ბესარიონ და ნიკო ღოღობერიძეები, გიორგი წერეთელი, სერგი მესხი და სხვები. და სხვები. ცხადია, ეს დიდ ზეგავლენას მოახდენდა მომავალ მეცნიერზე, რაც მისმა შემდგომმა მოღვაწეობამაც დაადასტურა.

პეტრე მელიქიშვილის მშობლები გასული საუკუნის ორმოციან წლებში ახალციხიდან (მესხეთი) თბილისში გადმოსახლებულან.

პეტრეს მამა გრიგოლი პროგრესული პიროვნება იყო, ყოველთვის ცდილობდა სასარგებლო საზოგადოებრივ საქმის წამოწყებას. მაგალითად, აღსანიშნავია გრიგოლის მოღვაწეობა ქ. თბილისში ქართული სტამბის დაარსებისათვის.

ათი წლის პეტრე მელიქიშვილი თბილისის პირველ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც წარჩინებული სწავლით გამოირჩეოდა და კლასიდან კლასში ქების სიგელით გადადიოდა ; 1868 წელს პეტრემ წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, ხოლო 1869 წელს ოდესის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე განაგრძო სწავლა.

ფაკულტეტზე იმ დროს თავი მოიყარა დემოკრატიული იდეებით აღჭურვილმა პროფესურამ. მათ შორის იყვნენ : ქიმიკო ს ები – ვერიგო, სოკოლოვი; ბოტანიკოსი – ცენკოვსკი, ფიზიოლოგი – სეჩენოვი, ბიოლოგები – კოვალსკი, მეჩნიკოვი და სხვები. ამავე ფაკულტეტის უკანასკნელ კურსზე სწავლობდა შემდგომში გამოჩენილი მეცნიერი ვასილ პეტრიაშვილი.

ვასილ პეტრიაშვილი და პეტრე მელიქიშვილი იმთავითვე დაახლოვდნენ, რაც შემდგომ მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდა.

ეს პერიოდი ქიმიის ისტორიაში ითვლება უდიდეს აღმოჩენათა პერიოდად, როცა გარკვეულობა იქნა შეტანილი ატომის, მოლეკულისა და ატომურ-მოლეკულური თეორიის არსში. ის წლები, აგრეთვე, უდიდესი წარმატებებით აღინიშნა ორგანულ ქიმიაში. ყოველივე ამას საფუძვლიანად ეუფლებოდა პეტრე მელიქიშვილი და ამან თავისი კვალი დაამჩნია მომავალი მეცნიერის ჩამოყალიბებას.

პეტრე მელიქიშვილი 1872 წელს, ორი წლით ადრე (ექსტერნის წესით) წარჩინებით ამთავრებს უნივერსიტეტს; 1873 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მეცნიერული ნაშრომი. მალე იგი გაიგზავნა საზღვარგარეთ, საიდანაც 1875 წელს დაბრუნდა და ოდესის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. იკვლევდა ორგანული მჟავების სინთეზსა და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს. მისმა შრომამ აკრილმჟავაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1881 წელს სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1884 წელს იგი აირჩიეს აგრონომიული კათედრის დოცენტად. ერთი წლის შემდეგ კი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და თეორიული ქიმიის კათედრის პროფესორად დაამტკიცეს. 1893 წლიდან პ. მელიქიშვილი ძირითადად მუშაობდა არაორგანულ ქიმიაში, ზეჟანგურ ნაერთებზე. 1899 წელს მიენიჭა ლომონოსოვის სახელობის პრემია. მრავალფეროვანი იყო პ. მელიქიშვილის მეცნიერული მოღვაწეობა. მან შექმნა 80-ზე მეტი ნაშრომი ქიმიის სხვადასხვა საკითხზე.

პ. მელიქიშვილი იყო ქართული უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. 1918 წლის 13 იანვარს პროფესორთა საბჭოს პირველ ოფიციალურ სხდომაზე იგი ქართული უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს. თავდაპირველად დღის წესრიგში ივანე ჯავახიშვილის კანდიდატურა იდგა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და რექტორის საპატიო პოსტზე ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის, საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერის - პ. მელიქიშვილის კანდიდატურა წამოაყენა. თავისი წინადადება ი.ჯავახიშვილმა შემდეგი სიტყვებით დაასაბუთა: ¨ პეტრე მელიქიშვილი ცნობილი მეცნიერია რუსეთშიაც და საზღვარგარეთაც, და მისი არჩევა დიდ პრესტიჟს შეუქმნის ჩვენს უნივერსიტეტს¨. რექტორის მოვალეობის შესრულების გარდა, პეტრე მელიქიშვილი კითხულობდა ლექციებს, ურთიერთობა ჰქონდა სტუდენტებთან, ზრუნავდა სამშობლოსათვის კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად.

1919 წლის 11 ოქტომბერს პ. მელიქიშვილმა ერთ-ერთ პროფესორთან მომხდარი სიტყვიერი ინციდენტის გამო რექტორობიდან გადადგომა ითხოვა. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დააკმაყოფილა პ. მელიქიშვილის თხოვნა. 1919 წლის 17 დეკემბერს თსუ-ის რექტორად ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს. 1918-27 წლებში პ. მელიქიშვილი იყო თსუ-ის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1921 წლის 30 ივლისს იგი თსუ-ის აგრონომიული ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს.

რექტორის მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების შემდეგ პ. მელიქიშვილის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა.

როგორც გამოჩენილი ქიმიკოსი, იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო საზოგადოებების დაარსებაში, გამოდიოდა მოხსენებებით სხვადასხვა ყრილობასა და კონფერენციაზე, სადაც ყოველთვის ხაზს უსვამდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ბუნებრივი სიმდიდრის რაციონალური გამოყენების აუცილებლობას.

ქართველმა ხალხმა 1923 წელს აღნიშნა სასიქადულო მამულიშვილის პედაგოგიური და სამეცნიერო –საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავი. იუბილე დიდ ზეიმად იქცა. ეს იყო პ. მელიქიშვილის –დიდი მეცნიერისა და მოქალაქის საყოველთაო აღიარება.

პ. მელიქიშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 23 მარტს, 77 წლის ასაკში. დაკრძალულია უნივერსიტეტის I კორპუსის ბაღში. მის საფლავზე დადგმულია ბიუსტი (ავტორი-ი. ნიკოლაძე).

loading