გიორგი კიკნაძე

(1902-1963)

გიორგი კიკნაძე დაიბადა 1902 წელს. საშუალო განათლება მიიღო ქ. ხაშურში. 1923 წელს დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი და მიიღო ეკონომისტის სპეციალობა. იმავე წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1929-1934 წლებში გ.კიკნაძე იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე: საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის ლენინის რაიონულ კომიტეტში, თბილისის კომიტეტსა და გარეუბნის რაიონულ კომიტეტში. პარტიულ მუშაობას ათავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობასთან.

1934 წელს გ.კიკნაძე მიავლინეს მოსკოვში უმაღლესი კომუნისტური განათლების ინსტიტუტში სასწავლებლად.

1937 წელს, ამ ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, გ. კიკნაძემ დაიცვა დისერტაცია და მიიღო პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი

დაინიშნა საბჭოთა კავშირის ხალხთა პედაგოგიკის ცენტრალური სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.

1937 წლის ივლის-სექტემბერში გ.კიკნაძე მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ. 1937-1938 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის რექტორი. მისი რექტორობის პერიოდში მთელ ქვეყანაში ფართოდ აღინიშნა თსუ-ის დაარსების ოცი წლისთავი. 1938-1944 წლებში გ.კიკნაძე იყო საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი, ხოლო 1944-1952 წლებში-საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა მინისტრი.

გ.კიკნაძეს გამოქვეყნებული აქვს შრომები პედაგოგიკის საკითხებზე: “ნარკვევები სკოლის ისტორიიდან საბჭოთა საქართველოში” , “მოსწავლეებში კომუნისტური მორალის აღზრდის საკითხები “ ,მოსწავლეთა აღზრდა საბჭოთა პატრიოტიზმისა და სოციალისტური ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებით”, “მეცნიერულ-ათეისტური აღზრდა საბჭოთა სკოლაში”, “სკოლის ამოცანები სამამულო ომის პერიოდში”, “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოცი წლისთავი” და სხვ.

გ. კიკნაძე გარდაიცვალა 1963 წლის 3 სექტემბერს.